ქართულ საზოგადოებას,ვაძლევთ პირობას,რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

 

„შემაშფოთებელია, რომ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი უცხოელი სუბიექტის მოწოდება პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვასთან დაკავშირებით. მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი ძალადობრივ მიტინგს მშვიდობიან აქციადაც კი მოიხსენიებს. ამით, ისინი არათუ არ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებენ მას. მეტიც, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ უპასუხონ ძალადობას, რითაც მათი განზრახვა, ხელი შეუწყონ „ნაცმაიდანს“ და საქართველოს უკრაინიზაციას, სრულიად ცხადი ხდება. მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

 

დასასრულს, ყველას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად საქართველოს ომში ჩათრევის გამუდმებული მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას თავიდან ავარიდეთ უკრაინიზაცია და შევუნარჩუნეთ მშვიდობა. მიუხედავად გარედან დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ სტაბილურობა. მიუხედავად ხელოვნური დაბრკოლებებისა, ჩვენ, წელიწადნახევრიანი უკომპრომისო ბრძოლის ხარჯზე, მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

 

კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა