ჩვენ გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და აღნიშნა, რომ ეს ამერიკისთვის ერთგვარი გარდამტეხი მომენტია. პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა, რომლის წარმატებით შესრულებას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შიდა პოლიტიკური კუთხითაც.
„ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს უპირობოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა 613 პატიმრის შეწყალებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და სამთავრობო უწყებების წვლილი და აღნიშნა, რომ გასულ წლებში მსგავსი თანამშრომლობის საშუალების შემთხვევაში, ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებსა და მათი შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა საქართველომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა შეძლოს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნაზე იმუშავებს.
„თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას მაქსიმალური ინტენსივობით განაგრძობს. მისივე თქმით, 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა ტურიზმის სფეროშიც და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
„შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მხოლოდ 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100-მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც თავისუფლად შესაძლებელია. ამისთვის უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მთავრობის პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს.
„ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.