სალომე ზურაბიშვილი – პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას “გონივრულ გადაწყვეტილებას” უწოდებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პლათფორმა X-ზე წერა.

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა.

ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ითვალისწინებთ ქართული დემოკრატიის იმედებსა და შეშფოთებებს. ეუთო გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. და ახალი არჩევნები!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – დაწერა პია კაუმამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც პია კაუმას ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა კოალიციებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას მიმართეს და ვიზიტის გადადება სთხოვეს.