“აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება”, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძე კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას.
“ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“, უკვე მეოთხე დღეა, მკურნალობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს.