ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
პროექტი ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.
ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო ქუჩების მიმდებარე ქუჩებთან მიერთებისა და გადაკვეთის კვანძების მოწესრიგება, რაც გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.
ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების პირველ ეტაპზე, წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთო ურბანული კონცეფციის შესაბამისად საჭიროებს რეაბილიტაციას.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ესკიზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას გაითვალისწინოს ობიექტების იერსახის განახლება, მათი ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე და ინოვაციური არქიტექტურული მიდგომები.
ქალაქ რუსთავის ისტორიული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიზნად ისახავს ქალაქის თანამედროვე, კომფორტულ და ტურისტულად მიმზიდველ ურბანულ სივრცედ გარდაქმნას.









