ელისაშვილი: თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ

შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის-ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა. 

როგორც ელისაშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობა გააღრმავა.

„მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნამდვილად, რადგან გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. რაც შეეხება, ვისი დამსახურებაა – მოლაპარაკების პროცესის, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა, გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი და ზოგიერთი მედია ცდილობდა, წარმოეჩინა ისე, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი, მოლაპარაკების პროცესის და არ მითქვამს, რომ პერსონალური ჩემი. მე ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიეთ – არა, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია, წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებსაც შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი გვაქვს. ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით, გვაქვს ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი, ერთჯერადი ხო? გამოვუშვებთ, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი, რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ ვერ მოაგვარა 30 წელია და ახლა, ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება შედგება პარლამენტი შევა.

„თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.