ელისაშვილი: მზად ვართ, საჯაროდ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის წევრები “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრას მზად არიან. ელისაშვილმა პარტიის სახელით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და “კინკლაობა” დასრულებულია.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხისა და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა, ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.