მდინარაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას, მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ

ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რაიმე კონკრეტული, კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოებული წინადადებაც კი არ მოუსმენიათ.

„ცოტა გაიწელა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული, კონსტრუქციული, პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნების, რჩევების, მედიატორების, მათ შორის რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.