Pfizer-ის 14 000-ზე მეტი დოზიდან 10 000 უკვე დაჯავშნილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამცრელ კლინიკებთან მიმდინარეობს მუშაობა ადგილების დამატებასთან დაკავშირებით.

„მიმდინარე პერიოდში შევეცდებით კლინიკებთან დავაზუსტოთ, თუ ექნებათ მათ დამატებითი ადგილების გახსნის შესაძლებლობა, რადგან 15 აპრილამდეც შესაძლებელი იყოს კიდევ გარკვეული ადგილების მობილიზება იმავე კლინიკებში, რომლებიც „ფაიზერის” პროცესში მონაწილეობენ.

კვირის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ამ მიმართულებით მუშაობას. „ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით თბილისში ყველა ადგილი მეტად დაიჯავშნა, რეგიონებში ბევრი თავისუფალი ადგილია. 5 კლინიკასთან ვმუშაობთ, რომ დაემატოს „ასტრაზენეკას” ადგილები”, – აცხადებს გაბუნია.

თამარ გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” დოზები დაჯავშნილია.

“Pfizer-ის 10 000-ზე მეტი დოზა არის უკვე დაჯავშნილი რიგში მყოფი პირებისთვის. სულ გვქონდა 14 000-ზე ოდნავ მეტი დოზა. დანარჩენი დოზები ამ ეტაპის მდგომარეობით, 15 აპრილიდან გაიხსნება რეგისტრაციისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ ამ ეტაპზე ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ Pfizer-ის ვაქცინაცია ტარდება 6 კლინიკაში მხოლოდ, რადგან მეტი კონტროლი და ტემპერატული რეჟიმის მონიტორინგი იქ უფრო მკაცრად არის საჭირო,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.