როდის აღდგება ელექტრონული მუსიკის ფესტივალები?

ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, სავარაუდოდ, ზაფხულში აღდგება. კონკრეტული თარიღი უცნობია და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ პირსა და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას დაეხმარება.კალაძის თქმით, დახმარების პაკეტის ოდენობა 2 მილიონი ლარი იქნება.

“ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები ზაფხულის პერიოდში დაიწყება.

“იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ”, – თქვა კალაძემ.