ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ დარჩენილ პარტიებს, გამოიჩინონ გამბედაობა

ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში, – ამის შესახებ სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან 19 აპრილს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას და სჯერათ, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში შეძლებს სრულად ფუნქციონირებას.

„ჩვენ მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დეტალური წინადადების „წინსვლის გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერით.

ახალი ტექსტი დაფუძნებულია სპეციალურ დესპან კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მანამდე შემუშავებულ შეთავაზებაზე. ის უფრო ფართოდ პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხებს, საარჩევნო რეფორმის ჩარჩოსა და მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს წინადადება არის პოლიტიკურად დაბალანსებული და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დისკუსიის ცენტრში აქცევს. ის წარმოადგენს გზას არსებული პოლიტიკური ჩიხიდან და შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, წამლავს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ეს წინადადება ახალ ბიძგს აძლევს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებას შეძლებს უახლოეს მომავალში და უზრუნველყოფს, რომ შეთანხმება სრულად არის ამოქმედებული, როგორც სიტყვიერად, ისე სულისკვეთებით.

ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, გაუწიოს მხარდაჭერა, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის გზით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.