ვოლსკი: გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია

ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს და გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩვენთვის არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ მის მიმართ ადამიანური მიუღებლობა მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს წინააღმდეგ პოზიციების მქონე ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ არსებობს. გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, იქნება ის რუსეთის თუ აშშ-ის მოქალაქე, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და მის მიმართ უკიდურესად ცუდად ვარ განწყობილი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ გვყავს თანამოქალაქეები, ვინც საქართველოში ოკუპაცია დაუშვა და დღესაც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.