“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების აქცია დასრულდა

“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის  და აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, დღეს საწარმოსთან მიმდინარე აქცია დასრულდა.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, აქვთ ინფორმაცია, რომ პარლამენტში მოლაპარაკებების პროცესში “რუსთავის აზოტის” დირექტორი ეფრემ ურუმაშვილია ჩართული. შეხვედრის პროცესში მედიატორები არიან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კომუნიკაციის შედეგად მიიღეს ინფორმაცია, რომ დღის ბოლომდე მოლაპარაკებების პროცესი, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და შესაბამისად, აქციები უკვე ხვალიდან განახლდება, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციისთვის, “რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:  სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდა, განაცდური სამუშაოს ანაზღაურება და მუქარის ტონის გარეშე მოლაპარაკებების პროცესის გამართვა.