გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებელებებშიც ჩატარდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

„რაოდენობა ადგილებისა, რომლებიც იყო გამოყოფილი, პრაქტიკულად შეივსო, განსაკუთრებით თბილისში. ამ კვირაში, დღეს-ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამოხატული არ არის. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმით“ ვაქცინაცია უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. სწრაფი მოცვისთვის ადგილები დაემატება“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი მომხრეა, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკობრივი განაწილების არსებული რეჟიმი ჯერჯერობით შენარჩუნდეს.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკს რაც შეეხება, 55 წელი შევარჩიეთ. ევროპის რეგიონში 10-12 ქვეყანაა, რომელიც ამ ასაკობრივ ზღურბლს ირჩევს. გასულ კვირას იყო მსჯელობა კლინიკურ ჯგუფში. ჯგუფი ჯერჯერობით ისევ იმ პოზიციას ემხრობა, რომ შევინარჩუნოთ 55 წლის ზემოთ ასაკი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები თუ იქნება, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.