ბოკერია დმანისის მოვლენებზე: ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც დმანისში ხდება, “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება წლების განმავლობაში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს.

“პირველ რიგში, უნდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ხელმძღვანელობას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობისსწრაფად აღკვეთაა. კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ, როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა შეშის შეტანის გამო, აქციაზე იღებდნენ უმკაცრეს ზომებს, იყო მობილიზებული პოლიცია და აკავებდნენ ადამიანებს.
ახლა კი ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთასაც ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა.

ეს ვითარება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში იყო ფართოდ გამოყენებული წლების განმავლობაში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.