დმანისში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია

დმანისში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ქუჩებში აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან, თუმცა ადგილზე დაპირისპირება არ არის.

პოლიციის შენობას სპეცრაზმი იცავს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება ადგილობრივებს შორის. მათ  პოლიციის კორდონი გაარღვიეს და  ერთმანეთს ხელკეტებითა და რკინის ჯოხებით დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლა და ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. შს მინისტრის განცხადებით, ყველა, ვინც  კანონი დაარღვია, სრული სიმკაცრით დაისჯება.

დაპირისპირება ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში დაკავებულების გამოკითხვა მიმდინარეობდა.