სომხური „კონიაკი“ აღარ გაიყიდება, სანაცვლოდ ევროკავშირი 3 მილიონ ევროს გადაიხდის

სომხური ბრენდის მწარმოებლებმა ჯერ არ იციან, თუ რა სახელით გაყიდიან სახელგანთქმულ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც აქამდე მომხმარებლისთვის „კონიაკის“ სახელით იყო ცნობილი.

10 ივნისს ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმელის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ, სანაცვლოდ კი ისინი ევროკავშირისგან 3 მილიონ ევროს მიიღებენ.

ამავე შეთანხმების მიხედვით, შუშხუნა ღვინის მწარმოებლებმა 4 წლის განმავლობაში უნდა თქვან უარი თავიანთი სასმელისთვის „შამპანურის“ დარქმევაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარი, რომელზეც სომხური ბრენდის ექსპორტის 79 პროცენტი მოდის. იქ დიდი ხნის დაძველების სომხური ბრენდი ფრანგულ ეკვივალენტზე 90 პროცენტით ნაკლები ღირს.

რუსეთში სიტყვა „ბრენდი“ პოპულარული არ არის და სომხეთის მწარმოებლები ახლა მსჯელობენ, თუ რა სახელით გავიდეს სასმელი ამ ბაზარზე.

სომხეთის წამყვანმა ბრენდებმა გასული კვირის განმავლობაში უკვე ამოიღეს სიტყვა „კონიაკი“ თავიანთი ვებსაიტებიდან, თუმცა რამდენიმე მცირე მწარმოებელი ამ ტერმინს ბრენდინგისას ახლაც იყენებს.

კონიაკი ბრენდის ნაირსახეობაა, რომელსაც სახელი დამზადების ადგილის მიხედვით ეწოდება. ევროკავშირი კრძალავს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენებას იმ სასმელებისათვის, რომლებიც კონიაკის რეგიონში არ იწარმოება.

სომხეთში ბრენდის მასობრივი წარმოება 1887 წელს დაიწყო.

 

წყარო: რადიო თავისუფლება