ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება[ვიდეო]

 ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, აჭარის სხვა რეგიონებიდან სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს. ჯერჯერობით შესაბამის უწყებებს არ აქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.