“ვამუშავებთ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს”

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდები კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას ამ პროცესში. გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, პლატფორმაზე რომ დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“, – განაცხადა მინისტრმა.