რუსთავის მერმა 150 ოქროს მედალოსანს ფულადი ჯილდო გადასცა

რუსთავის მერმა 150 ოქროს მედალოსანს ფულადი ჯილდო გადასცა. რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე ,რუსთავის საკრებულოს ფრაქცია , ,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და ოქროს მედალოსნები დაესწრნენ.
მერის მიღებაზე მიწვეულმა 150-მა ოქროს მედალოსანმა, 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და ლოტოტრონით გათამაშებული სხვადასხვა საჩუქრები მიიღო. მათგან, სამი ოქროს მედალოსანი კი კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა, ისინი ბარსელონაში საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
ოქროს მედალოსნებს სხვადასხვა საჩუქარი გადასცეს ღონისძიების სხვა სპონსორებმაც: სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფური”, ,კომპანია “დელფუდი”, რუსთავის ინოვაციების ჰაბი, ,,ბაზის ბანკი”, პროფესიული კოლეჯი მოდუსი, საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ და გაჯეტების უნიკალური მაღაზია “კლიკი“.
ოქროს მედალოსნების წახალისების მიზნით შექმნილი პროგრამა, მიმდინარე წლიდან რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ამოქმედდა.
წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სპეციალური მიღება, წელს პირველად გაიმართა და მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.განათლების ხელშეწყობის პროგრამების დასაფინანსებლად წელს, რუსთავის ბიუჯეტში, 665 000 ლარია გათვალისწინებული.